1920 წელს შალვა ნუცუბიძე გიორგი ჩუბინაშვილთან ერთად გერმანიაში ქართული ხელოვნების ძეგლების გამოფენას დაესწრო. 1921 წლიდან თედო ღლონტის მიერ რევოლუციური კომიტეტის ნებართვით გამოცემულ გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტთან“ დაიწყო თანამშრომლობა. ამავე წელს, მისი ხელმძღვანელობით „სოციალური ფილოსოფიის შემსწავლელი წრე“ ჩამოყალიბდა.
1925 წელს უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დადგენილებით, შალვა ნუცუბიძე ევროპაში გაემგზავრა და ბერლინის უნივერსიტეტში ფილოსოფიური სემინარების მუშაობას გაეცნო.[9] 1925-1926 წლებში შალვა ნუცუბიძე ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა. მივლინებაში ყოფნისას იგი „ალეთოლოგიის საფუძვლების“ გერმანულ ენაზე თარგმნას აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ახალი გამოკვლევა: „Wahrheit und Erkenntnisstruktur“ („ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“) დაწერა, რომელიც 1926 წელს ცნობილი ნეოკანტიანელების, არტურ ლიბერტისა და ბუხენაუს რეცენზიით დაიბეჭდა.
1927 წლის 17 აპრილს შალვა ნუცუბიძემ სადოქტორო დისერტაცია „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ დაიცვა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1928 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში. 1930 წელს, გერმანიაში ქართული ხელოვნების ძეგლების გამოფენას დაესწრო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შალვა ნუცუბიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექციების კურსის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მიეცა.
მეორე ბლოგი საქმეს რომ ჭირდება
