მეგობრის ღალატი ბერლინში 1945წ.

1945 წელი. მეორე მსოფლიო ომი დასრულებულია. გამარჯვებულ სახელმწიფოებს შორის გავლენის გადანაწილების ახალი ეტაპი იწყება. სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდა ბერლინში ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი შალვა ნუცუბიძე. ნუცუბიძის გერმანიაში ყოფნა საბჭოთა ხელისუფლების დავალებას უკავშირდება. გავრცელებული ვერსიის მიხედვით, მისი მისია იოსებ სტალინის შვილის, იაკობ ჯუღაშვილის ბედის გარკვევას ეხებოდა. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა აჩვენა, რომ ნუცუბიძის ბერლინში ყოფნის პერიოდი საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ ქართული ემიგრაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციებს ემთხვევა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ტიტე მარგველაშვილის ისტორიას უკავშირდება.

ტიტე მარგველაშვილი – ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი და შალვა ნუცუბიძის ძველი მეგობარი. 1918 წლის 26 მაისის, დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. 

ბერლინში ყოფნისას შალვა ნუცუბიძემ სწორედ ტიტე მარგველაშვილთან დაამყარა კავშირი. არსებული ცნობებით, ნუცუბიძემ მარგველაშვილი ბერლინის აღმოსავლეთ, საბჭოთა სექტორში შეხვედრაზე მიიწვია და მის წამოსაყვანად ავტომობილი გაგზავნა. ტიტე მარგველაშვილმა შეხვედრაზე თავისი 18 წლის შვილი, გივი მარგველაშვილი წაიყვანა.

მამა-შვილი მარგველაშვილები ბერლინის აღმოსავლეთ სექტორის კომენდატურაში გადაიყვანეს. ერთი ღამის შემდეგ ისინი ერთმანეთს სამუდამოდ დააშორეს. გივი მარგველაშვილი საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, რომელსაც ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება აკონტროლებდა. მან იქ დაახლოებით ორი წელი გაატარა, რის შემდეგაც საქართველოში დააბრუნეს. ტიტე მარგველაშვილის ბედი კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უცნობი იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში (ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი) დაცული მასალების მიხედვით, ფონდი №6, საქმე №46182, ტიტე მარგველაშვილის პროცესი 1946 წლის მარტში მოსკოვში დაიწყო და იმავე წლის ოქტომბერში თბილისში დასრულდა. სასამართლომ იგი საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის რამდენიმე პუნქტით ცნო დამნაშავედ და „საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად“ მიიჩნია. ტიტე მარგველაშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი 1946 წლის 17 ოქტომბერს აღსრულდა.

საბჭოთა სისტემის იარაღი, თუ მონაწილე? ზუსტი პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა ტიტე მარგველაშვილის ტრაგედიაში ნუცუბიძის სახელი ყველაზე რთულ ადგილს იკავებს.

შალვა ნუცუბიძე 1888-1969

ქართველი ფილოსოფოსი, კულტურის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1904-1911 წლებში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკური ფრთის წევრი იყო. 1915 წელს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას შეუერთდა. 1919-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო ამავე პარტიიდან.